სარჩევი

რა არის ბაზრის კვლევა?

ბაზრის კვლევა

ბაზრის კვლევა განისაზღვრება როგორც კონკრეტული ბაზრის, ინდუსტრიის (დარგის) ან სამომხმარებლო სეგმენტის შესახებ მონაცემების სისტემური შეგროვება, ანალიზი და ინტერპრეტაცია. ის მოიცავს კლიენტების, კონკურენტების და ბაზრის დინამიკის შესწავლას შესაძლებლობების იდენტიფიცირების, რისკების შემცირებისა და ინფორმირებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

ბაზრის კვლევა გვაწვდის ღირებულ ინფორმაციას მომხმარებელთა ქცევის, პრეფერენციებისა და ბაზრის ტენდენციების შესახებ, რაც ეხმარება ორგანიზაციებს ეფექტიანი მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებაში, ახალი პროდუქტების გამოშვებაში და მათი ბაზრის პოზიციონირების ოპტიმიზაციაში.

ბაზრის კვლევის ძირითადი კომპონენტები:

ბაზრის კვლევა, როგორც წესი, მოიცავს რამდენიმე ძირითად კომპონენტს, რომლებიც ხელს უწყობს ბაზრისა და მისი დინამიკის ყოვლისმომცველ გაგებას. ეს ძირითადი კომპონენტებია:

ბაზრის სეგმენტაცია (სეგმენტირება): სამიზნე (მიზნობრივი) ბაზრის იდენტიფიცირება და დაყოფა ცალკეულ სეგმენტებად დემოგრაფიის, ფსიქოგრაფიის, მომხმარებელთა ქცევის, გეოგრაფიული ნიშნის ან სხვა რელევანტური მახასიათებლების (კრიტერიუმების) საფუძველზე. ბაზრის სეგმენტირება ხელს უწყობს იმას, რომ მარკეტინგული სტრატეგიები უკეთ მოერგოს მომხმარებელთა კონკრეტულ, სპეციფიკურ ჯგუფებს.

მონაცემთა შეგროვება: შესაბამისი მონაცემების შეგროვება პირველადი და მეორადი წყაროებიდან. პირველადი მონაცემების შეგროვება საკუთრივ ფირმის მიერ ხორციელდება უშუალოდ მიზნობრივი ბაზრიდან გამოკითხვების, ინტერვიუების, დაკვირვებების ან ექსპერიმენტების მეშვეობით. მეორადი მონაცემების მოსაპოვებლად გამოიყენება სხვა ორგანიზაციების მიერ გარკვეული მიზნით უკვე ჩატარებული კვლევების შედეგები, არსებული მზა ანგარიშები, ინდუსტრიის მონაცემთა ბაზები ან სხვადასხვა სამთავრობო საინფორმაციო წყაროები. აქვე უნდა აღინიშნოს სხვაობა მონაცემებსა და ინფორმაციას შორის. მონაცემები ციფრებით გამოსახული ნედლი ფაქტებია. როცა მონაცემები დამუშავდება, დალაგდება, სტრუქტურულად ჩამოყალიბდება და მოცემულ კონტექსტში სასარგებლო ფორმით წარმოჩინდება, იგი უკვე ინფორმაციად იქცევა.

კვლევის დიზაინი: კვლევის გეგმის შემუშავება, რომელიც ასახავს კვლევის ჩატარების მიზნებს, მეთოდოლოგიას და ვადებს. იგი მოიცავს კვლევის შესაბამისი მეთოდების შერჩევას, შერჩევის ზომისა და შერჩევის ტექნიკის განსაზღვრას.

თვისებრივი კვლევა: ისეთი მეთოდების (ტექნიკების) გამოყენება, როგორიცაა ინტერვიუები, ფოკუს-ჯგუფები ან დაკვირვებები მომხმარებელთა დამოკიდებულებების, მოსაზრებების, მოტივაციებისა და ქცევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად. თვისებრივი კვლევა (ზოგჯერ ხარისხობრივსაც უწოდებენ) გვეხმარება ძირითადი მიზეზების შესწავლაში და უზრუნველყოფს ბაზრის უფრო სიღრმისეულ გაგებას.

რაოდენობრივი კვლევა: გამოკითხვების, კითხვარების (ანკეტების) ან სტრუქტურირებული მონაცემთა ანალიზის გამოყენება უფრო ფართო მასშტაბით რიცხობრივი მონაცემების შესაგროვებლად. რაოდენობრივი კვლევა საშუალებას იძლევა ჩატარდეს სტატისტიკური ანალიზი, გაიზომოს ბაზრის ტენდენციები და გამოვლენილ იქნას მეტრიკაზე დაფუძნებული მიგნებები.

კონკურენტული ანალიზი: კონკურენტების სტრატეგიების, ძლიერი და სუსტი მხარეების, ბაზრის პოზიციონირებისა და შეთავაზებების შეფასება. ეს ანალიზი ხელს უწყობს ბაზრის შესაძლებლობების, პოტენციური საფრთხეებისა და დიფერენცირების არეალის განსაზღვრას.

მომხმარებელთა ქცევის ანალიზი: მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღების პროცესების, ყიდვის ჩვევების, პრეფერენციებისა და კმაყოფილების დონის შესწავლა. მომხმარებელთა ქცევის გაგება გადამწყვეტია ეფექტიანი მარკეტინგული სტრატეგიებისა და მიზნობრივი კამპანიების შემუშავებისთვის.

ბაზრის ზომა და პროგნოზი: მთლიანი ბაზრის ზომის, ზრდის პოტენციალის და სამომავლო ტენდენციების შეფასება. ბაზრის ზომის დადგენა გვეხმარება შეფასდეს ბაზრის მიმზიდველობა და პოტენციური მოთხოვნა პროდუქტებზე ან მომსახურებებზე.

მონაცემთა ანალიზი: სტატისტიკური მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენება შეგროვებული მონაცემების გასაანალიზებლად და მნიშვნელოვანი მიგნებების მისაღებად. ეს მოიცავს მონაცემთა გაწმენდას, სეგმენტაციის ანალიზს, კორელაციის ანალიზს, რეგრესიის ანალიზს და სხვა სტატისტიკურ მეთოდებს.

ანგარიშგება და პრეზენტაცია: მკაფიოდ და ნათლად კვლევის შედეგების, მიგნებებისა და რეკომენდაციების შეჯამება. კვლევის შედეგების ეფექტიანი კომუნიკაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.

ეს კომპონენტები ერთად მოქმედებენ, რათა უზრუნველყოფილ იქნას ბაზრის, მომხმარებელთა ქცევისა და კონკურენტული ლანდშაფტის შესახებ ერთიანი (ჰოლისტიკური) ხედვის ჩამოყალიბება, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესებს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და შეიმუშაონ ეფექტიანი მარკეტინგული სტრატეგიები.

ბაზრის კვლევის სახეები (ტიპები)

პირველადი კვლევა: პირველადი კვლევა გულისხმობს მონაცემების შეგროვებას უშუალოდ სამიზნე ბაზრიდან ან სამომხმარებლო სეგმენტიდან. ის აწყობილია დაკვეთის მიხედვით და მორგებულია კონკრეტული კვლევითი ამოცანების გადაწყვეტაზე. პირველად კვლევის მეთოდებს მიეკუთვნება გამოკითხვები, ინტერვიუები, ფოკუს-ჯგუფები, დაკვირვებები და ექსპერიმენტები. პირველადი კვლევა საშუალებას იძლევა შეგროვდეს პირველადი მონაცემები და დაწესდეს უფრო მეტი კონტროლი კვლევის პროცესზე.

მეორადი კვლევა: მეორადი კვლევა მოიცავს არსებული მონაცემების შეგროვებას და ანალიზს, რომელიც ადრე იქნა შეგროვებული სხვა წყაროებიდან. ეს მონაცემები შეიძლება გვხდებოდეს ინდუსტრიულ ანგარიშებში, სამთავრობო პუბლიკაციებში, აკადემიურ კვლევებში, ბაზრის კვლევის ანგარიშებსა და ონლაინ მონაცემთა ბაზებში. მეორადი კვლევა გვეხმარება ბაზრის, ინდუსტრიის ტენდენციების და ისტორიული მონაცემების მიმართ ჩამოგვიყალიბდეს უფრო ფართო გაგება. ეს არის არსებული ინფორმაციის წვდომის ხარჯეფექტური გზა, რომელიც შეიძლება გახდეს შემდგომი პირველადი კვლევის საფუძველი.

ბაზრის კვლევის პროცესი

ნაბიჯი 1. განსაზღვრეთ კვლევის მიზნები და ამოცანები

ბაზრის კვლევის პირველი ნაბიჯი არის კვლევის მიზნებისა და ამოცანების მკაფიოდ განსაზღვრა. ეს მოიცავს საჭირო კონკრეტული ინფორმაციის, სამიზნე აუდიტორიისა და კვლევის სასურველი შედეგების იდენტიფიცირებას.

ნაბიჯი 2. კვლევის გეგმის დიზაინი

კვლევის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის შემდეგ მომდევნო ნაბიჯია კვლევის გეგმის შემუშავება, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს მეთოდოლოგია, მონაცემთა შეგროვების ტექნიკა, შერჩევის ზომა და ვადები. კვლევის გეგმა მორგებული უნდა იყოს კვლევის მიზნებზე და ამოცანებზე და უზრუნველყოფდეს სანდო და ვალიდური (დასაბუთებული და ადეკვატური) მონაცემების მიღებას.

ნაბიჯი 3. მონაცემთა შეგროვება

ამ ეტაპზე მონაცემები გროვდება პირველადი ან მეორადი კვლევის მეთოდებით. პირველადი კვლევა გულისხმობს მონაცემების შეგროვებას უშუალოდ რესპონდენტებისგან გამოკითხვების, ინტერვიუების, ფოკუს-ჯგუფების ან დაკვირვებების გზით. მეორადი კვლევა მოიცავს არსებული მონაცემების შეგროვებას გამოქვეყნებული წყაროებიდან, ინდუსტრიის ანგარიშებიდან ან მონაცემთა ბაზებიდან.

ნაბიჯი 4. ბაზრის კვლევის ანალიზი

მონაცემების შეგროვების შემდეგ საჭიროა მათი ანალიზი, რათა გამოვლინდეს შაბლონები, ტენდენციები და მიგნებები. ეს შეიძლება მოიცავდეს რაოდენობრივ კვლევასა და ანალიზს, როგორიცაა სტატისტიკური მეთოდები, ან თვისებრივი კვლევა და ანალიზი, როგორიცაა თემატური კოდირება ან ქონთენთ (შინაარსის) ანალიზი. აქ მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მონაცემებიდან შესაძლებელი გახდეს აზრიანი, შინაარსიანი და ღირებული მიგნებების ფორმირება, რაც დაგვეხმარება სწორი და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

ნაბიჯი 5. ბაზრის კვლევის საბოლოო დასკვნები

მონაცემების გაანალიზების შემდეგ მომდევნო ნაბიჯია კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია და პრაქტიკაში გამოსაყენებელი ქმედითი იდეების (მიგნებების) გამოწვლილვა (ამოღება). ეს გულისხმობს დასკვნების გამოტანას, ძირითადი ტენდენციების იდენტიფიცირებას და მათ დაკავშირებას კვლევის მიზნებთან. მიგნებები უნდა წარმოადგენდეს ღირებულ ინფორმაციას, რათა გახდეს მარკეტინგული სტრატეგიების, პროდუქტის განვითარების ან ბიზნეს გადაწყვეტილებების ერთგვარი სანდო მეგზური.

ნაბიჯი 6. კვლევის შედეგების ანგარიში

საბოლოო ნაბიჯი კვლევის შედეგების ნათლად, ლაკონურად და ორგანიზებულად წარმოდგენა გახლავთ. როგორც წესი, მზადდება ბაზრის კვლევის ანგარიში, რომელიც მოიცავს მოკლე მიმოხილვას (რეზიუმეს), მეთოდოლოგიას, დასკვნებს, ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს. ანგარიშმა ეფექტიანი კომუნიკატორის როლი უნდა შეასრულოს დაინტერესებული მხარეებისთვის, რათა მათ შეძლონ კვლევის შედეგებზე და მიგნებებზე დაყრდნობით ქმედითი ღონისძიებების განხორციელება.

ბაზრის კვლევის მაგალითები

აქ წარმოდგენილია ბაზრის კვლევის რამდენიმე მაგალითი. ეს მაგალითები ახდენს ბაზრის კვლევის მრავალფეროვანი გამოყენების ილუსტრირებას სხვადასხვა ინდუსტრიისა და სცენარის მიხედვით:

ბაზრის კვლევის მაგალითები

ბაზრის კვლევა მომხმარებლის კმაყოფილებაზე: ფირმა ატარებს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევას, რათა შეაგროვოს უკუკავშირი (ე.წ. „ფიდბექი“) არსებული მომხმარებლებისგან. გამოკითხვა მოიცავს შეკითხვებს პროდუქტის ან სერვისის მოხმარება-გამოყენების შესახებ, მომხმარებლების გამოცდილების, საერთო კმაყოფილებისა და პროდუქტის/სერვისის შესაძლო გაუმჯობესების არეალის ირგვლივ. კვლევის შედეგები ეხმარება ფირმას გაიგოს მომხმარებელთა კმაყოფილების დონე, დაადგინოს კმაყოფილების ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორები და მიიღოს ზომები კლიენტთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

ბაზრის კვლევა ფასწარმოქმნაზე: ბიზნესი განიხილავს ახალი პროდუქტის ან სერვისის დანერგვას და სურს განსაზღვროს ოპტიმალური საფასო სტრატეგია. ისინი ატარებენ ფასების კვლევას, რომელიც მოიცავს გამოკითხვებს ან ერთობლივ ანალიზს, რათა შეგროვდეს მონაცემები მომხმარებლის მხრიდან ფასების მგრძნობელობის, გადახდის სურვილისა და ღირებულების აღქმის შესახებ. კვლევა ეხმარება ფირმას დააწესოს ისეთი კონკურენტული ფასები, რომელიც შეესაბამება კლიენტთა მოლოდინებს და უზრულველყოფს ბიზნესის მაქსიმალურ მომგებიანობას.

ბაზრის ტენდენციის კვლევა: ფირმა, რომელიც იკვლევს ბაზარს, მონიტორინგს უწევს ინდუსტრიის ტენდენციებს და აანალიზებს ბაზრის მონაცემებს, რათა კლიენტებს მიაწოდოს ღირებული ინფორმაცია. ფირმის მენეჯერები აკვირდებიან ბაზრის ზომას, ზრდის ტემპებს, ინდუსტრიის დინამიკას და მომხმარებელთა პრეფერენციებს მეორადი კვლევის მეშვეობით. ანალიზი ეხმარება ბიზნესებს გაიგონ ბაზრის ტენდენციები, გამოავლინონ ახალი შესაძლებლობები ან საფრთხეები და მიიღონ ინფორმირებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები.

ბაზარზე კონკურენტების კვლევა: ფირმას სურს შეაფასოს მისი კონკურენტების ძლიერი და სუსტი მხარეები ბაზარზე. ფირმის მენეჯერები ატარებენ კონკურენტების ანალიზს, რაც მოიცავს მონაცემების შეგროვებას კონკურენტების პროდუქტების, ფასების, დისტრიბუციის არხების, მარკეტინგული სტრატეგიების შესახებ, აგრეთვე, კონკურენტულ პროდუქტებზე და სერვისებზე კლიენტთა აღქმის შესახებ. მოპოვებული ინფორმაცია ეხმარება ფირმას თავისი თავი შეადაროს კონკურენტებს (მოახდინოს ე.წ. „ბენჩმარკინგი“), გამოავლინოს ის არეალი, სადაც კონკურენტულ უპირატესობას ფლობს და შეიმუშაოს ისეთი სტრატეგიები, რომლებიც საშუალებას მისცემს მოახდინოს ბაზარზე საკუთარი თავის დიფერენცირება.

ბაზრის კვლევა კონცეფციის ტესტირებაზე: ფირმამ შეიმუშავა პროდუქტის რამდენიმე კონცეფცია და სურს შეაფასოს მათი პოტენციური წარმატება მანამ, სანამ მოახდენდეს ინვესტირებას პროდუქტის განვითარებაში. ფირმის მენეჯერები ატარებენ კვლევას კონცეფციის ტესტირებაზე, რაც გულისხმობს ამ კონცეფციების წარდგენას სამიზნე აუდიტორიისთვის გამოკითხვების ან ფოკუს-ჯგუფების მეშვეობით. კვლევა ეხმარება ფირმას თითოეული კონცეფციისთვის შეაფასოს მომხმარებელთა ინტერესი, მომხმარებლის მხრიდან აღქმული სარგებელი და შესყიდვის განზრახვა, რაც ფირმას საშუალებას აძლევს აირჩიოს ყველაზე პერსპექტიული ვარიანტი პროდუქტის შემდგომი განვითარებისთვის.

ბაზრის სეგმენტაციის კვლევა: ფირმას სურს უკეთ გაიგოს თავისი სამიზნე ბაზარი და მარკეტინგული სტრატეგიები მოარგოს მომხმარებელთა კონკრეტულ სეგმენტებს. ფირმის მენეჯერები ატარებენ ბაზრის სეგმენტაციის კვლევას, რომელიც მოიცავს დემოგრაფიული, ფსიქოგრაფიული და ქცევითი მონაცემების ანალიზს, რათა გამოვლინდეს განსხვავებული საჭიროებებით, პრეფერენციებითა და ყიდვის ქცევით კლიენტთა განსხვავებული სეგმენტები. სეგმენტაციის ანალიზი ეხმარება ფირმას განავითაროს მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიები, შეტყობინებები და პროდუქტის შეთავაზებები თითოეული სეგმენტისთვის.

ბაზრის კვლევა რეკლამის ტესტირებაზე: ფირმა გეგმავს ახალი სარეკლამო კამპანიის დაწყებას და სურს შეაფასოს მისი ეფექტიანობა. ფირმის მენეჯერები ატარებენ კვლევას რეკლამის ტესტირებაზე, რაც გულისხმობს რეკლამის სხვადასხვა ვერსიის წარდგენას შერჩეული აუდიტორიისთვის და მომხმარებელთა ან კლიენტთა უკუკავშირის (გამოხმაურებების) შეგროვებას სარეკლამო შეტყობინების გაგების, ბრენდის დამახსოვრებადობისა და ემოციური რეაქციის შესახებ. ეს კვლევა ეხმარება ფირმას სარეკლამო კამპანიის ოპტიმიზაციაში, ზეგავლენის ყველაზე მეტად მომხდენი და დამაჯერებელი ელემენტების გამოვლენით.

ბაზრის კვლევის მეთოდები

  • ბაზრის თვისებრივი (ხარისხობრივი) კვლევის მეთოდები

ბაზრის თვისებრივი კვლევის მეთოდები ფოკუსირებულია ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის მეთოდებზე, რომლებიც არ მოითხოვს მონაცემთა დიდ მოცულობებს. ეს მეთოდები ორიენტირებულია შერჩეულ რესპონდენტთა მცირე ჯგუფზე, რომლებსაც ამოწმებენ საგნის სიღრმისეულ ცოდნა-გაგებაზე. ასეთი მეთოდის მიზანია ბაზრისა და მომხმარებელთა ქცევის სიღრმისეული გაგება ღია კითხვებისა და დისკუსიების საფუძველზე.

მაგალითად, ფოკუს-ჯგუფები, ინდივიდუალური პირისპირ ინტერვიუები, შემთხვევის შესწავლა და ა.შ. ბაზრის კვლევის პოპულარული თვისებრივი მეთოდებია.

  • ბაზრის რაოდენობრივი კვლევის მეთოდები

ბაზრის რაოდენობრივი კვლევა ფოკუსირებულია ინტენსიურ მონაცემთა მეთოდებზე, რომლებიც მთლიანობაში ექვემდებარება მასიურ რაოდენობრივ ანალიზს. ეს მეთოდები ხშირად ეყრდნობა შერჩეულ რესპონდენტთა დიდ ჯგუფებს, რომლებიც პასუხს სცემენ წინასწარ შედგენილ საერთო კითხვარის შეკითხვებს. კითხვარს შეიძლება გააჩნდეს შიდა ლოგიკა ახალ კითხვებზე გადასასვლელად, წინა შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე.

ბაზრის რაოდენობრივი კვლევის მეთოდების მაგალითებია ფიზიკური გამოკითხვის კითხვარები (ანკეტები), ონლაინ უკუკავშირის გამოკითხვები, Twitter-ის გამოკითხვები, Net Promoter Score-ს (NPS) შეკითხვები პროდუქტის შეძენის შემდეგ, მომხმარებელთა კმაყოფილების (CSAT) უკუკავშირის ფორმები და ა.შ.

კომენტარის დატოვება

კითხვის გაგრძელება

მიიღეთ უფასო კონსულტაცია.

დაგვირეკეთ დღესვე!

+(995) 591 64 10 10
+(995) 599 94 40 34